2016-12-28

„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ცხრა გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ ცხრა გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება. პროგრამა საპარტნიორო ფონდის დასაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად ხორციელდება და მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ კომპონენტებისგან შედგება.

„სტარტაპ საქართველოს" მორიგ გამარჯვებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და „სტარტაპ საქართველოს" ბენეფიციარები დაესწრნენ.

„ეს არის ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ადამიანების აზროვნების შეცვლა მეწარმეობისკენ, რათა კი არ გავხდეთ დასაქმებულნი, არამედ დავასაქმოთ სხვები. ეს არის ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის მთავარი ეფექტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და „სტარტაპ საქართველოს" ფონდის შექმნას მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა უწოდა. მთავრობის მეთაურმა პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებულ 9 დამწყებ ბიზნესმენს, რომელმაც დაფინანსების მისაღებად სრულიად ახალი იდეის წამოყენება გაბედა, გამარჯვება მიულოცა. პრემიერმა ახალგაზრდებს მოუწოდა, არასოდეს იფიქრონ, რომ მათზე ადრე ვინმემ ესა თუ ის იდეა განახორციელა, ან რაიმეს გაკეთება არ ღირს. „ყოველთვის ღირს! თქვენ მიერ გადადგმული 10 ან 100 ნაბიჯიდან, ერთიც რომ გამოდგეს სწორი, მაინც ღირს, რადგან მან, შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ არის ეს მაგარი პროექტი და განსაკუთრებით გილოცავთ", - მიმართა პრემიერმა გამარჯვებულებს.

"ჩვენ კიდევ დამატებით ცხრა საინტერესო პროექტი გამოვავლინეთ. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ეს პროგრამა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკური რეალობისთვის. პროგრამის განხორციელებით ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რეალური შანსი მივეცით საკუთარი იდეების რეალიზებისთვის, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება,” - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

გამარჯვებულთა შორის მოხვდა განაცხადები, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. პროექტები მრეწველობის, მომსახურების, სოფლის-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ და სხვა სფეროებს მოიცავს. თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურობის ელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის ჩანაცვლებას.

„სტარტაპ საქართველოს" პროგრამის პირველი შესარჩევი კონკურსი ამა წლის ივნისის თვეში გამოცხადდა. 720 განაცხადიდან ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსება 36-მა, ხოლო მაღალტექნოლოგიურ ნაწილში 20 პროექტმა მიიღო. ნოემბერში საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღება განაახლა.

პროგრამის თანახმად, ყველა გამარჯვებული პარტნიორთა შეთანხმებას აფორმებს, რომლის საფუძველზეც მათი დაფინანსება მოხდება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო.„სტარტაპ საქართველოს" პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა ხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება ხდება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016